კვამე ნკრუმა — განელი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, პოლიტიკის თეორეტიკოსი და რევოლუციონერი. ოქროს ნაპირის პრემიერ-მინისტრი 1952-1957 წლებში, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი განის პირველი პრემიერ-მინისტრი (1957-1960) და დამოუკიდებელი განის პირველი პრეზიდენტი (1960-1966). ფელდმარშალი (1965). 1964 წელს თავი გამოაცხადა მუდმივ პრეზიდენტად. პანაფრიკანიზმის გავლენიანი მხარდამჭერი, ნკრუმა იყო „აფრიკის ერთობის ორგანიზაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და 1962 წელს საბჭოთა კავშირის მიერ გაცემული „ლენინური მშვიდობის პრემიის“ ლაურეატი. საზღვარგარეთ გატარებული თორმეტი წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც იგი უმაღლეს განათლებას ეუფლებოდა, საკუთარ პოლიტიკურ ფილოსოფიას აყალიბებდა და სხვა დიასპორელ პანაფრიკანისტებთან ერთად ორგანიზაციულ საქმიანობას ეწეოდა, ნკრუმა ოქროს ნაპირზე დაბრუნდა, რათა დაეწყო თავისი პოლიტიკური კარიერა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის დამცველს. მან ჩამოაყალიბა კონვენტის სახალხო პარტია, რომელმაც რიგით ამომრჩეველზე ორიენტირებული უპრეცედენტო მიდგომით სწრაფ წარმატებას მიაღწია. 1952 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა და ეს თანამდებობა შეინარჩუნა 1957 წლამდე, როდესაც განას ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესს უხელმძღვანელა, რაც იმ დროისთვის საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში პირველი ასეთი შემთხვევა იყო. 1960 წელს განელებმა დაამტკიცეს ახალი კონსტიტუცია და ნკრუმა პრეზიდენტად აირჩიეს. 1999 წელს BBC-ის გამოკითხვით იგი ათასწლეულის აფრიკელად დასახელდა.
ვენერა-1ვენერა-1 (რუს.Венера-1, ასევე ცნობილი როგორც „ტიაჟოლი სპუტნიკ-02“ ან „სპუტნიკ-8“) — ავტომატური საპლანეტთაშორისო სადგური, გამიზნული პლანეტა ვენერის გამოკვლევისთვის, როგორც სსრკ-ის კოსმოსურიპროგრამა ვენერის ნაწილი. 1961 წლის 19 მაისს სადგური გახდა პირველი კოსმოსური აპარატი, რომელმაც ვენერას ჩაუფრინა 100 000 კილომეტრის დაშორებით. თუმცა, 19 თებერვალს უკვე დაკარგული იყო მასთან რადიო-კავშირი, რის გამოც მონაცემების გამოგზავნა ვერ შეძლო. საბჭოთაინჟინრების აზრით, გათვლების ხელახლა გადახედვის შემდეგ, აპარატის წარუმატებლობა მზის მიმართულების სენსორის თერმული რეჟიმის არასწორი გათვლის შედეგი იყო, რასაც შეუქცევადად უნდა გამოეწვია მისი გადახურება. თუმცა, მათი ბრიტანელი კოლეგები თვლიან, რომ ივნისში ჯორჯელის ობსერვატორიის რადიო-ტელესკოპის მიერ დაფიქსირებული სუსტი სიგნალები სწორედ „ვენერა-1-ს“ უნდა ეკუთვნოდეს.