შინაარსზე გადასვლა

დომინიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დომინიკის თანამეგობრობა
ინგლ. Commonwealth of Dominica
დომინიკა
Image დომინიკის
გერბი
დევიზი: ინგლ. After God is the earth
„ღმერთის შემდეგ მიწა“
ჰიმნი: ინგლ. Isle of Beauty, Isle of Splendour
"სილამაზის კუნძული, მშვენიერების კუნძული"
Image
დედაქალაქი
და
როზო
15°18′ ჩ. გ. 61°23′ დ. გ. / 15.300° ჩ. გ. 61.383° დ. გ. / 15.300; -61.383
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი სილვანი ბარტონი
 -  პრ.-მინისტრი რუზველტ სკერიტი
ფართობი
 -  სულ 754 კმ2 (172-ე)
 -  წყალი (%) 1,6
მოსახლეობა
 -  2018 შეფასება 69 029 (184-ე)
 -  2018 აღწერა 71 625
 -  სიმჭიდროვე 93 კაცი/კმ2 (120-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასება
 -  სულ $384 მილიონი (209-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $5970 (110-ე)
აგი (2023)0.761[1]
მაღალი · 98-ე
ვალუტა აღმოსავლეთ კარიბის დოლარი (XCD)
სასაათო სარტყელი UTC-04:00
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი 767
ISO 3166 კოდი DOM
ინტერნეტ-დომენი .dm

დომინიკა (ინგლ. Dominica, დომინიკის თანამეგობრობა ინგლ. Commonwealth of Dominica) – სახელმწიფო კარიბის ზღვაში, მცირე ანტილის არქიპელაგში ამავე სახელწოდების კუნძულზე. დომინიკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს გვადელუპა, სამხრეთ-აღმოსავლეთით მარტინიკა. ფართობი – 754 კმ², მოსახლეობა 71 625 კაცი (2018 წლის შეფასება). დედაქალაქია როზო (ინგლ. Roseau).

კუნძული V საუკუნეში არავაკებით დასახლდა, რომლებიც აქ სამხრეთ ამერიკიდან მოხვდნენ. ქრისტეფორე კოლუმბის მონაცემებით, მან კუნძულს 1493 წლის 3 ნოემბერს, კვირას მიაღწია. მოგვიანებით ტერიტორია ევროპელებმა კოლონიზატორებმა დაიპყრეს. 1690-დან 1763 წლამდე კუნძულს ფრანგები მართავდნენ. ფრანგებმა ქვეყანაში დასავლეთ აფრიკიდან დამონებული ტყვეები შემოიყვანეს ყავის პლანტაციებზე სამუშაოდ. 1763 წელს შვიდწლიანი ომის შემდეგ კუნძული დიდმა ბრიტანეთმა დაიპყრო და ოფიციალურ ენად ინგლისური გამოაცხადა. კუნძულმა დამოუკიდებლობა 1978 წელს მოიპოვა.

დომინიკას თავისი ბუნებრივი გარემოს მეტსახელად "კარიბის ზღვის ბუნების კუნძული" უწოდეს.[2] კუნძული მცირე ანტილის კუნძულებიდან ყველაზე პატარაა. კუნძულზე უიშვიათესი სახეობის მცენარეები, ფრინველები და ცხოველები ბინადრობენ. სისეროუს თუთიყუში, ასევე ცნობილი, როგორც იმპერიული ამაზონი, მსოფლიოში მხოლოდ დომინიკაში ბინადრობს. ის კუნძულის ეროვნული ფრინველია და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს გამოსახულია ეროვნულ დროშაზე. თუთიყუში იასამნისფერი შეფერილობისაა, რაც დროშას უნიკალურს ხდის. მსოფლიოში მხოლოდ ორი დროშა შეიცავს იასამნისფერ ფერს და დომინიკა ერთ-ერთია (მეორე ასეთი არის ნიკარაგუის დროშა).

დომინიკაში კარიბები ცხოვრობდნენ, რომლებსაც სავარაუდოდ არავაკები კუნძულიდან უნდა გაეყარათ.[3] კარიბები კუნძულს ვუაი'ტუ კაბულის ეძახდნენ, რაც ითარგმნება, როგორც ,,სიმაღლე მისი სხეულია.

ქრისტეფორე კოლუმბმა , რომელიც ესპანეთის სახელით მცურავი იყო კუნძულს დომინიკა უწოდა. სახელი ლათინური ტერმინიდან dies Dominica მომდინარეობდა და ნიშნავდა კვირას. ეს ის დღე იყო, როდესაც ესპანელმა კოლონიზატორებმა კუნძული პირველად ნახეს 1493 წლის 3 ნოემბერს.

ესპანელები, რომლებიც კოლუმბის მოგზაურობისას კუნძულზე დარჩნენ, ადგილობრივებმა კუნძულიდან გაყარეს. 1642-1650 წლებში ფრანგი მისიონერი რაიმონდ ბრეტონი კუნძულს რეგულარულად სტუმრობდა.

1660 წელს ინგლისელები და ფრანგები შეთანხმდნენ, რომ დომინიკა და სენტ-ვინსეტი არ უნდა დასახლებულიყვნენ, ის კარიბებისთვის ნეიტრალურ ტერიტორიად უნდა დაეტოვებინათ. მაგრამ დომინიკას ბუნებრივმა რესურსებმა ფრანგი და ბრიტანელი მეტყევეები მიიზიდა, რომლებმაც ხე-ტყის რესურსის გაჩეხვა დაიწყეს. 1690 წელს ფრანგმა მეტყევეებმა მარტინიკიდან და გვადელუპიდან კუნძულზე პირველი მუდმივი დასახლებები შექმნეს. სწორედ მათვე ჩამოიყვანეს დასავლეთ აფრიკელი ტყვეები მარტინიკაში.

1727 წელს ფრანგმა სარდალმა ლი გრანდმა კუნძულზე ფრანგული მთავრობა ჩამოაყალიბა. ამით დომინიკა ოფიციალურად გახდა საფრანგეთის კოლონია და კუნძული დაიყო ოლქებად ან "მეოთხედებად", როგორც მას ფრანგები უწოდებდნენ.[4] ფრანგებს უკვე განვითარებული ჰქონდათ სოფლის მეურნეობა მარტინიკასა და გვადელუპაზე, რომლებიც უმეტესად შაქრის პლანტაციებით იყო წარმოდგენილი, სადაც აფრიკელ ტყვეებს ამუშავებდნენ. დომინიკაზე მათ ყავის პლანტაციები გააშენეს. მათ დიდი რაოდენობით აფრიკელები ჩაიყვანეს სამუშაოდ, რითაც მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკურად აფრიკელი გახდა.

Image
1770 წელი, თეთრეულის ბაზარი დომინიკაში

1761 წელს შვიდწლიანი ომის მსვლელობისას ბრიტანულმა ექსპედიციამ ანდრიუ როლოს მეთაურობით კარიბის რამდენიმე კუნძული დაიპყრო და მათ შორის დომინიკაც. 1763 წელს საფრანგეთი დიდ ბრიტანეთთან ბრძოლაში დამარცხდა და კუნძული პარიზის ხელშეკრულების თანახმად ბრიტანელებს გადაეცა. ამავე წელს ბრიტანელებმა შექმნეს საკანონმდებლო ასამბლეა, სადაც მხოლოდ ევროპელი წარმოშობის ხალხი იყვნენ წარმოდგენილები. ფრანგული ენა ოფიციალურ ენად დარჩა. ამასთანავე განვითარდა ანტილური კრეოლი, რომელიც მოსახლეობის უმეტესობისთვის მთავარ ენას წარმოადგენდა.

1778 წელს დომინიკის მოსახლეობის აქტიური ხელშეწყობით საფრანგეთმა კუნძულის ხელახალი დაპყრობა დაიწყო. ეს 1783 წლის პარიზის ზავით მალევე დასრულდა და კუნძული ისევ ბრიტანეთის დაქვემდებარებაში დარჩა. კუნძულის მოსახლეობა, განსაკუთრებით კი შერეული რასის წარმომადგენლები, ბრიტანეთის კანონებს წინააღმდეგობას უწევდა. ბრიტანელებმა შეინარჩუნეს კონტროლი საფრანგეთის შემოსევებისდა მიუხედავად 1795 და 1805 წლებში.

1805 წელს დომინიკა დიდი ბრიტანეთის ოფიციალური კოლონია გახდა. 1833 წელს მონობის გაუქმების აქტით, ბრიტანეთმა დაასრულა მონობის ინსტიტუტი მთელ თავის იმპერიაში, მათ შორის დომინიკაშიც. გამონაკლისს მხოლოდ ინდოეთი წარმოადგენდა.[5]

1835 წელს დომინიკის საკანონმდებლო ასამბლეაზე პირველად აირჩიეს აფრიკული წარმოშობის სამი ადამიანი. მეზობელი ფრანგული კოლონიებიდან ბევრი მონა გაიქცა დომინიკაში. 1838 წელს დომინიკა გახდა ბრიტანეთის დასავლეთის ინდიელთა პირველი კოლონია, რომლის საკანონმდებლო ორგანო ეთნიკურად აფრიკელების მიერ კონტროლდებოდა. ამ კანონმდებელთა უმეტესი ნაწილი მონობის გაუქმებამდე თავისუფალი მეწარმეები იყვნენ, რომელთა ეკონომიკური და სოციალური შეხედულებები ინგლისურის პლანეტარული კლასის ინტერესებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. 1871 წლიდან კუნძულის აფრიკელი მოსახლეობის უფლებები მკვეთრად შესუსტდა.

Image
დომინიკური საფოსტო მარკები ჯორჯ VI-სა და ელისაბედ II-ის გამოსახულებით

პირველი მსოფლიო ომის დროს ბევრი დომინიკელი მიიღეს ბრიტანეთის არმიაში და ევროპაში საბრძოლოდ გაუშვეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს ზოგიერთი დომინიკელი მოხალისედ მონაწილეობდა ბრიტანეთისა და კარიბის ზღვის ძალებში.

კარიბის კუნძულების ქვეყნები 1958 წლიდან 1962 წლამდე ცდილობდნენ დამოუკიდებლობის მოპოვებას. 1958 წელს დომინიკა ვესტ-ინდოეთის ფედერაციის წევრი სახელმწიფო გახდა. 1962 წელს, ფედერაციის დაშლის შემდეგ, დომინიკა დიდი ბრიტანეთის ასოცირებული სახელმწიფო გახდა. 1978 წლის 3 ნოემბერს დომინიკას მიენიჭა დამოუკიდებლობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი პატრიკ ჯონი ხელმძღვანელობდა.[6]

Image
ქარიშხალი მარიას შედეგები როზოში.

დომინიკა კარიბის ზღვის კუნძულოვანი სახელმწიფოა. ის ქარსზედა კუნძულებიდან ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს. ქვეყნის ზომა დაახლოებით 750 კვ. კილომეტრია (289,5 კვადრატული მილი). სიგრძე 47 კმ-ია (29 მილი), ხოლო სიგანე 26 კმ (16 მილი).

ცნობილია, როგორც "კარიბის ზღვის კუნძული ბუნება" თავისი აყვავებულ პეიზაჟებისა და მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის გამო, დომინიკა უმეტესწილად არის დაფარული ტროპიკული ტყეებით. აქ მდებარეობს მსოფლიოში სიდიდით მეორე გეოთერმული ტბა, რომლის სახელწოდება მდუღარე ტბაა.[7][8] კუნძული მცირე ანტილის კუნძულებიდან ყველაზე მთიანია. ასევე კუნძული ცნობილია ვულკანებითაც, რომელთაგან უმაღლესიც 1447 მეტრი სიმაღლისაა. მორნ-ტრუა-პიტონის ეროვნული პარკი ტროპიკული ტყეა, რომელიც შერწყმულია ვულკანურ ქანებთან. ეს მსოფლიო მემკვიდრეობა აღიარებული იქნა 1995 წლის 4 აპრილს. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე დასახლება კალიბიშის ქვიშიანი სანაპიროები აქვს.[9] ზოგიერთი მცენარე და ცხოველი, რომლებზეც ფიქრობენ, რომ გადაშენებულები არიან სწორედ დომინიკას ტყეებში შეიძლება აღმოვაჩინოთ.[10] კუნძულს რამდენიმე დაცული ტერიტორია აქვს. რამდენიმე წლის განმავლობაში მთავრობა ცდილობდა კუნძულის წახალისებას, როგორც ეკოტურიზმის დანიშნულების ადგილს, თუმცა 2017 წლის ქარიშხალმა ეს გეგმები შეცვალა.

დომინიკაზე მოსახლეობის განაწილების ორი ძირითადი ცენტრი არსებობს. ერთ-ერთი დედაქალაქი როზოა (14 725 მოსახლე), ხოლო მეორე - პორტსმაუთი (4167 მოსახლე). დასახლებების ძირითადი ცენტრები სანაპირეობის მიმდებარედ მდებარეობს. მთიან ნაწილებში დასახლებები იშვიათად გვხვდება.

დომინიკა ტროპიკული ციკლონებისგან დაუცველია, რადგან ის ქარიშხლიან რეგიონში მდებარეობს. 1979 წელს ქარიშხალმა დავიდმა ქვეყანას მე-4 კატეგორიის ქარიშხალი დაატეხა, რამაც ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა. 2017 წლის ქარიშხალ მარიას შედეგად კუნძულის ზარალმა შეადგინა 930 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც დომინიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 226 %-ს წარმოადგენდა.[11]

სადავო ტერიტორიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულ დომინიკას სადავო ტერიტორია ვენესუელასთან აქვს. კონკრეტულად პრეტენზია დაკავშირებულია კუნძულ ისლა დე ავესთან (სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც ფრინველთა კუნძული, მაგრამ დომინიკის ხელისუფლება მას ”ჩიტის ქვად” მოიხსენიებს). ეს პატარა კუნძული დომინიკადან 225 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს.

დომინიკა საპარლამენტო რესპუბლიკაა და ამავდროულად ერთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფო.[12] სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტია, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება ეკისრება კაბინეტს, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. პარლამენტი შედგება 30-კაციანი ასამბლეის პალატისაგან, რომელთაგან 21 უშუალოდ არჩეული წევრია, ხოლო ცხრა სენატორი, რომლებიც არჩეულია პრეზიდენტის ან პალატის სხვა წევრების მიერ.

დომინიკა ასევე არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Image
დომინიკის ადმინისტრაციული რუკა

დომინიკა 10 სამრევლოდ (პარიშად) იყოფა. თითოეულს თან მითითებული აქვს მოსახლეობის ოდენობა 2011 წლის მონაცემებით:

სამრევლო ადმ. ცენტრი მოსახლეობა
ად. (2011 წ.)[13]
ფართობი
კმ²[14]
სიმჭიდროვე
ად./კმ²
1 წმინდა ანდრია მარიგო 9471 179,9 52,6
2 წმინდა დავიდი კეისტლ ბრიუსი 6043 125,8 48,0
3 წმინდა გიორგი როზო* 21 241 56,2 378,0
4 წმინდა ჯონი პორტსმუტი 6561 59,1 111,0
5 წმინდა ჯოზეფი წმინდა ჯოზეფი 5637 118,4 47,6
6 წმინდა ლუკა პოინტ მიჩელი 1668 10,8 154,4
7 წმნიდა მარკი სუფრიერი 1834 13,5 135,9
8 წმინდა პატრიკი გრანდ ბეი 7622 86,7 87,9
9 წმინდა პაული პონტ კასე 9786 66,4 147,4
10 წმინდა პიტერი კოლიჰაუტი 1430 34,2 41,8

დომინიკელთა უმეტესობა აფრიკული წარმოშობისაა. უმცირესობას წარმოადგენენ ევროპული წარმოშობის ხალხი (უმეტესად ბრიტანელები, ფრანგები და იშვიათად ირლანდიელები), ასევე ცხოვრობენ ლიბანელები, სირიელები და აზიელები. დომინიკა ასევე არის ერთადერთი აღმოსავლეთ კარიბის კუნძული, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს პრე-კოლუმბიური მშობლიური კალინაგოს (ადრე უწოდებდნენ კარიბებს) მოსახლეობა. 2014 წლის მონაცემებით კალინაგოს მოსახლეობა 3000 ადამიანიღაა დარჩენილი. ისინი ცხოვრობენ დომინიკის რვა სოფელში, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

დომინიკის მოსახლეობის ზრდის ტემპი ძალიან დაბალია, რაც ძირითადად სხვა ქვეყნებში ემიგრაციის გამოა. XXI საუკუნეში დომინიკელთა უმრავლესობა საცხოვრებლად შემდეგ ქვეყნებში გადავიდა:

1902 წლის 8 მაისს მარტინიკაზე ვულკანი მონტან-პელე ამოიფრქვა, რომლის შედეგადაც ქალაქი სენ-პიერი განადგურდა. მარტინიკელები ნავებით გადავიდნენ დომინიკის კუნძულის სამხრეთ ნაწილში და იქ დასახლდნენ. მარტინიკელთა ნაწილი დღესაც სამხრეთის სოფლებში ცხოვრობს.

დომინიკის ოფიციალური ენა ინგლისურია, რომელზეც ყველას შეუძლია საუბარი. გარდა ამისა დომინიკელთა უმრავლესობა დომინიკურ კრეოლზეც საუბრობს, რომელიც ფრანგულზეა დაფუძნებული. ეს განპირობებულია წარსულში კუნძულის ფრანგულენოვანი მოსახლეობით და ასევე მეზობელი ორი კუნძულით (მარტინიკა და გვადელუპა), რომლებზედაც ოფიციალურ ენას ფრანგული წარმოადგენს.

Image
როზოს კათედრალი

კუნძულის მოსახლეობის 61,4 % კათოლიკე ქრისტიანია. ბოლო წლებში ქვეყანაში პროტესტანტთა რიცხვი გაიზარდა. დაახლოებით 10-12 % მეშვიდე დღის ადვენტისტული ეკლესიის მიმდევრები არიან. ქვეყანაში ასევე გავრცელებულია სპირიტიზმი (2,6 %), ბაჰაიზმი (1,7 %) და აგნოსტიციზმი (0,5 %).

Image
ბატალის ყურე, დომინიკა

დომინიკაში უმეტესად ვულკანებია. მას რამდენიმე პლაჟიც აქვს. აქ ტურიზმი შედარებით ნელა ვითარდება, ვიდრე მის მეზობელ კუნძულებზე. მიუხედავად ამისა დომინიკის მთები, ტროპიკული ტყეები, ცხელი ტბები, მტკნარი წყლის ტბები და ჩანჩქერები კუნძულს ეკოტურიზმის მიმზიდველ დანიშნულების ადგილად აქცევს. კარიბის ზღვის აუზის 22 ქვეყნიდან 2008 წელს დომინიკას ყველაზე ცოტა ვიზიტორი ჰყავდა (სულ 55 800 ვიზიტორი).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Human Development Report 2023/2024 en. United Nations Development Programme (26 May 2025). ციტირების თარიღი: 25 May 2025
  2. https://www.pdavis.nl/Legis_07.htm
  3. დაარქივებული 2016-01-30 საიტზე Wayback Machine.
  4. დაარქივებული 2017-05-27 საიტზე Wayback Machine.
  5. დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
  6. 2011 Population and Housing Census. Central Statistical Office (September 2011). ციტირების თარიღი: 2019-07-14
  7. National Population Census Report 2001, Dominica. CARICOM Capacity Development Programme. ISBN 978-976-600-212-1.