შინაარსზე გადასვლა

ვალტერ გევარა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალტერ გევარა
Image
დაბადების თარიღი 11 მარტი, 1912(1912-03-11)
დაბადების ადგილი კოჩაბამბა
გარდაცვალების თარიღი 20 ივნისი, 1996(1996-06-20)[1] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლა-პასი
მოქალაქეობა Image ბოლივია
განათლება ჩიკაგოს უნივერსიტეტი
ჯილდოები Grand Cross 1st class of the Order of Merit of the Federal Republic of Germany
Image

ვალტერ გევარა (დ. 11 მარტი, 1912 — გ. 20 ივნისი, 1996) — ბოლივიელი სახელმწიფო მოღვაწე, კაბინეტის მინისტრი, მწერალი და დიპლომატი, რომელიც 1979 წელს დროებით ბოლივიის 54-ე პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

წარსული და ადრეული კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გევარა დაიბადა 1912 წლის 11 მარტს კოჩაბამბის დეპარტამენტში, აიოპაიის პროვინციაში. პროფესიით იურისტმა და ეკონომისტმა განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო. 1941 წელს მან ვიქტორ პას ესტენსოროსთან, ერნან სილესთან და სხვებთან ერთად დააფუძნა „ნაციონალისტური რევოლუციური მოძრაობა“ (MNR). მას შემდეგ, რაც 1952 წლის ბოლივიის რევოლუციის შედეგად „MNR“ მოვიდა ხელისუფლებაში, გევარა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა პრეზიდენტ პას ესტენსოროს კაბინეტში. მოგვიანებით, პრეზიდენტ სილესის მმართველობისას, იგი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ხშირად მას „MNR“-ის იერარქიაში მესამე უმნიშვნელოვანეს ლიდერად მიიჩნევდნენ (პასისა და სილესის შემდეგ). შედარებით კონსერვატორ გევარას არაერთხელ ჰქონდა იდეოლოგიური შეხლა-შემოხლა ხუან ლეჩინთან და პარტიის მემარცხენე ფრთის სხვა წარმომადგენლებთან. იგი დარწმუნებული იყო, რომ 1960 წელს პარტიის ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატი თავად გახდებოდა, თუმცა, როდესაც პას ესტენსორომ ბოლივიაში დაბრუნება და ხელახლა კენჭისყრა გადაწყვიტა, გევარამ მოულოდნელად დატოვა „MNR“ და საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნა. ეს იყო „ნამდვილი რევოლუციური პარტია“ (PRA), რომლის სახელითაც მან 1960 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და პასის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. 1964 წელს გევარამ მხარი დაუჭირა სამხედრო გადატრიალებას, რომელმაც „MNR“ ხელისუფლებას ჩამოაცილა და კიდევ ერთხელ დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი, ამჯერად პრეზიდენტ რენე ბარიენტოსის ადმინისტრაციაში.

გენერალ უგო ბანსერის 1971-1978 წლების დიქტატურის დამყარებას მოჰყვა ემიგრაციის ხანგრძლივი წლები, რამაც გევარა კვლავ დააახლოვა „MNR“-ის ძირითად ბირთვს, რომელიც ამ დროისთვის უკვე დატოვებული ჰქონდათ მის უფრო მემარცხენე წევრებს, მათ შორის სილესსა და ლეჩინს. როდესაც 1978 წელს კვლავ დაინიშნა დემოკრატიული არჩევნები, გევარა პას ესტენსოროს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგა. მათმა ტანდემმა მეორე ადგილი დაიკავა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული საარჩევნო პროცესი გაყალბების მტკიცებულებების გამო გაუქმდა, ერთი წლის შემდეგ განმეორებითი არჩევნები ჩატარდა. ამჯერად გევარას მთავარ საპრეზიდენტო ფორმულაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა იგი სენატორად აირჩიეს „MNR“-ის ალიანსიდან. მალევე კოლეგებმა იგი სენატის პრეზიდენტად გამოაცხადეს. ვინაიდან 1979 წლის არჩევნებში ვერცერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო 50%, ქვეყნის პირველი პირის ვინაობის განსაზღვრა კონგრესს დაევალა. ბევრის გასაკვირად, კონგრესმენები ვერცერთ კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ, მიუხედავად მრავალგზის კენჭისყრისა. პოზიციები უკიდურესად დაიძაბა და გამოსავალი არ ჩანდა, სანამ ალტერნატივის სახით სენატის პრეზიდენტი, ვალტერ გევარა არ დასახელდა. იგი 1979 წლის აგვისტოში ბოლივიის დროებით პრეზიდენტად დაინიშნა 1980 წელს ახალი არჩევნების ჩატარებამდე.[2]

გევარას მმართველობის პერიოდი ხანმოკლე და რთული გამოდგა. მზარდი ეკონომიკური და ფისკალური კრიზისის პირობებში, ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა მისი მანდატის ერთი წლით გაგრძელება, რათა ადეკვატური ზომების თავდაჯერებულად გატარება შეძლებოდა. ეს ბევრმა ძალაუფლების აშკარა მიტაცებად აღიქვა და მისი პოპულარობა იმდენად დაეცა, რომ კონგრესის მხარდაჭერის არქონის გამო მას წმინდა ტექნოკრატიული კაბინეტის ჩამოყალიბება მოუხდა. შექმნილი ჩიხური მდგომარეობით ისარგებლეს სამხედრო წრეებში მყოფმა შეთქმულებმა, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ დემოკრატიის აღდგენის სწრაფი ტემპით, ტონითა და შედეგებით.

დამხობა სისხლიანი გადატრიალების შედეგად

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წლის 1 ნოემბერს გენერალმა ალბერტო ნატუშმა მოულოდნელად დაამხო პრეზიდენტი გევარა სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების გზით, რასაც ქალაქის მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია. ნატუშმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, თუმცა ამას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მეტიც, მოქალაქეები აგრძელებდნენ წინააღმდეგობის გაწევას ხუან ლეჩინის ძლიერი „ბოლივიის მუშათა ცენტრის“ (COB) მიერ გამოცხადებული საყოველთაო გაფიცვის წინამძღოლობით. საბოლოოდ, ნატუშმა „Palacio Quemado“-ს დაკავება მხოლოდ თექვსმეტი დღით შეძლო, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა, უარი ეთქვა თავის კიხოტისეულ ბრძოლაზე. ერთადერთი დათმობა, რაც მან კონგრესისგან საკუთარი რეპუტაციის გადასარჩენად მიიღო, იყო პირობა, რომ გევარას არ მისცემდნენ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების გაგრძელების უფლებას, თუმცა მას სენატის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების ნება დართეს.[3] ეს პირობა მიიღეს და ახალ დროებით პრეზიდენტად კონგრესის ქვედა პალატის ლიდერი, ქალბატონი ლიდია გეილერი შეირჩა.

მიუხედავად იმისა, რომ გევარა გულნატკენი დარჩა მისი გადაყენების გარშემო არსებული უცნაური გარემოებების გამო, 19 ნოემბერს იგი სენატის პრეზიდენტის პოსტს დაუბრუნდა[3][4] და განაგრძო პას ესტენსოროს მხარდაჭერა მომდევნო არჩევნებში. 1982 წელს იგი ვენესუელაში ბოლივიის ელჩად დაინიშნა. 1989 წელს მან კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ამჯერად როგორც „ნაციონალისტური რევოლუციური მოძრაობის“ (MNR) კანდიდატის, გონსალო სანჩეს დე ლოსადას ვიცე-პრეზიდენტობის პარტნიორმა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხმების უმრავლესობა მიიღეს, სანჩესი და გევარა „Palacio Quemado“-ში ვერ მოხვდნენ, რადგან კონგრესმა პრეზიდენტად მესამე ადგილზე გასული კანდიდატი, ხაიმე პასი აირჩია. ამის შემდეგ გევარა საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოშორდა და 1996 წლის 20 ივნისს ლა-პასში გარდაიცვალა.

  • Mesa José de; Gisbert, Teresa; and Carlos D. Mesa, "Historia De Bolivia."

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. „Wálter Guevara Arze fue elegido Presidente de Cámara de Senadores" (pdf). Hoy (ესპანური). 3 August 1979. ციტირების თარიღი: 2 July 2025.
  3. 1 2 „Guevara reasumirá cargo de Senado“ (pdf). Presencia (ესპანური). 19 November 1979. ციტირების თარიღი: 2 July 2025.
  4. „Wálter Guevara Arze reasumió su cargo de presidente del Senado“. Presencia. 1979-11-20.[მკვდარი ბმული]